დღეიდან ბაზარზე, ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდება.

 

პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ს.ს. ქართული ლუდის კომპანიამ განახორციელა. 

ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. 

მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ ლიტრის წარმოება მოხდება. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ. კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს. 

„ჩერო“ ასეპტიკური ტექნოლოგიით დამზადებული წვენია, რომელიც სპეციალურად თქვენთვის შეიქმნა. ასეპტიკური ტქენოლოგია ითვალისწინებს პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები“ - განაცხადა ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ. მისივე თქმით კომპანია მაქსიმალურად ეცდება წარმოებაში გაზარდოს ადგილობრივი ნედლეულის მოხმარება.

"იქიდან გამომდინარე რომ რეგიონში ფიზიკურად არ არსებობს ასეპტიკური ხაზი, მოთხოვნა დღეისათვის უკვე არსებობს 7 ქვეყნიდან."-განაცხადა ჩვენთან საუბრისას კომპანიის წარმომადგენელმა კახაბერ კოტრიკაძემ.

„ამაყები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და დღეს საშუალება გვაქვს უნიკალური ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეპტიკური ხაზების და ახალი პროდუქციის წარმოება პირდაპირ კავშირშია დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასთან, ჩვენს შემთხვევაში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა. 

განსაკუთრებულად მინდა ავღნიშნო მთავრობის ეკონომიკური გუნდის თანადგომა და ბიზნესორიენტირებულობა, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის... “ - განაცხადა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ - ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე’’ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო’’, რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის’’ - სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა - კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონი ლარით მეტს გადაიხდის. 

ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც ცეზარ ჩოჩელი ხელმძღვანელობს, ქვეყანაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ჯგუფის მიერ, ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 170 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯგუფს დასაქმებული ჰყავს ოთხიათასამდე ადამიანი.